Sunday, November 24, 2013

მე-4 დღე

თანდათან იმატებს ინტერესი, რაც უფრო ღრმად შევდივარ, მეტ ინფორმაციას ვეცნობი, მით უფრო მითრევს ეს ტრენინგი.
დღეს პროექტის შეფასებაზე ვიმუშავეთ.
გამიტაცა   მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შეფასებების განსაზღვრამ, რაც ჩემი პროექტის გეგმის მიხედვით ყველაფერი ერთმანეთზე აწყობილი და ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს. რამდენი დროა საჭირო!... რამდენი ფიქრი და მონდომება!... ვინატრე კიდეც: კარგია, მხოლოდ ამით რომ ხარ დაკავებული ადამიანი-მეთქი. :-) მარტივი რომ არაფერია კი ვიცი, მაგრამ მიყვარს, როცა გულით ეკიდები საქმეს და ყველაფერი ისე საათივითაა გათვლილი და აწყობილი, როგორც Intel-ის ელექტრონული სახელმძღვანელო.
ახლა ვხვდები ჩემი პროექტი, რომელიც თითქოს მხოლოდ სამუშაო ვერსიად შეიქმნა, ურთულესი გამოდის... უფრო სწორად ჩემთვის გახდა თავსატეხი :-)))) მაგრამ საინტერესო გახდა ჯერ შექმნის პროცესი და ახლა ის ფიქრი არ მასვენებს, ქაღალდზე რომ საბოლოო სახეს მიიღებს, მერე როგორი იქნება რეალურად განხორციელებული-მეთქი.
ერთი სიტყვით, განვიხილეთ შეფასების რუბრუკების ნიმუშები, შევქმენით შეფასების ფორმები (ნაწილობრივ), ვიმუშავე ჩემი პროექტის პრეზენტაციის მომზადებაზე, დოკუმენტის ჩაშენებითურთ (ეგეც ნაწიობრივ, თუმცა ისე მომეწონა ჩემი სლაიდის ვიზუალი, გული არ მომითმენს და გავაგრძელებ სახლში, ამიტომ არ ავტვირთე ჩემს ფოსტაზე?!)
მზეც გამოვიდა - ჩემს შინაგან განწყობას ეხმიანება ახლა ისიც, დილით შენისლულ-სუსხიანი დილის შემდეგ.
ხოდა, ასე იმედიან-ხალისიანი განწყობით გემშვიდობებით მომდევნო კვირის შეხვედრამდე.

Saturday, November 23, 2013


მე-3 დღე
სასწავლო პროექტის დაგეგმვაში გაილია დღევანდელი დღე.
პირველი ნაბიჯი ჩემი პროექტის ეფექტურად დაგეგმვისათვის სტანდარტების გადახედვითა და საგნის შედეგებისა და ინდიკატორების განსაზღვრით დავიწყე. შემდეგ დაიწყო  სასწავლო ამოცანების შემუშავება - ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.
საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვების  ფორმულირება ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად. ვფიქრობ, ამ კუთხით კორექტირება დამჭირდება ჩემს გეგმაში. თან ველოდები შენიშვნებსაც კოლეგებიდან ჩემი საკვანძო კითხვების გაზიარების შემდეგ.
და ბოლოს, ნაყოფიერი შრომის შემდეგ  გილოცავთ!..


Sunday, November 17, 2013

მე-2 დღე
კვირა დღეა. ჩემთვის დასვენება ამგვარია-ისევ ტრენინგი :)
სამაგიეროდ ჩემს მოსწავლეებს უფრო საინტერესო ქართულის გაკვეთილები ელით. დაგეგმვა უცხო არაა, მაგრამ სასწავლო ღონისძიებების უფრო ეფექტურად ნაბიჯ-ნაბიჯ და წარმატებულად, ასე მთლიანობაში, დამხმარე საშუალებებლითა და ნიმუშებით, პირდაპირ მისწრებაა.
ვერ ვიტყვი გადასარევი თემა მოვიფიქრე-მეთქი პროექტისთვის, მაგრამ ახლა გავდივარ ამ მასალას, პროექტადაც არ უნდა იყოს ცუდი, მით უფრო წიგნების კითხვის შეყვარება მნიშვნელოვანია...
ხოდა, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ნიმუშიც იქმნება დღევანდელი ტრენინგის წყალობით. ვნახოთ, როგორ ეფექტს მოახდენს ჩემს ბავშვებზე.
მადლობა ტრენერს და ყველას, ვინც ასეთი მშვენიერი პროგრამა შექმნეს პედაგოგებისათვის.

Saturday, November 16, 2013

1-ლი დღე
დღევანდელი დღე სამუშაო რიტმით დაიწყო: 9 საათზე სკოლა - დამატებითი გაკვეთილები + ქართულის ოლიმპიადა, 12 საათზე  სსსმ მოსწავლის პრობლემების მოგვარება, მშობელსა და მასწავლებელთან ინდივიდუალური საუბრები....
აღარ მგონია, დილიდან გამოსულს ტრენინგებზე მუშაობის თავი თუ მექნება.
კიდევ კარგი მზიანი დღეა...  
მაინც, სირბილით შემოვდივარ ტრენინგზე.ნაცნობი და სასიამოვნო ტრენერი (რამდენი ხანია ამ სამუშო რეჟიმის გადამკიდე მისთვის თვალი არ მომიკრავს უფრო შინაურ ატმოსფეროში), ნაცნობ-უცნობი სახეები და იტელის ტრენინგები...
:-)
გავიწყდება დღევანდელი დღის დაძაბული რიტმი. თან როცა სურვილით და მოლოდინით ელოდები, რას ისწავლი და როგორ გამოიყენებ სამომავლოდ.
გიხარია, მოლოდინი რომ გიმართლებს...
ვიწყებთ...